ელექტრონულ ზედნადებთან მუშაობა
დღეიდან უკვე შეგიძლიათ გამოწეროთ ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით invoice.ge-ში!
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 1 აპრილიდან, ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით სარგებლობა სავალდებულო ხდება ყველა ორგანიზაციისთვის.
ამ პოსტის მიზანია წარმოგიდგინოთ თუ როგორ უნდა ისარგებლოთ ახალი შესაძლებლობით ჩვენს პროგრამაში.
ღია პროექტი პროგრამისტებისთვის
დავიწყებთ მცირე ანონსით, რომელიც პროგრამისტებს დააინტერესებს.
საგადასახადო პორტალში ატვირთვის მოდული, რომელსაც invoice.ge იყენებს, ხელმისაწვდომია ყველასათვის, შემდეგ მისამართზე http://github.com/dimakura/rs.ge. თუ გაქვთ თქვენი პროგრამა და გინდათ საგადასახადოს ვებ-სერვისებთან მისი მიბმა, ეს ძალიან მარტივი გასაკეთებელია ამ მოდულის მეშვეობით.
გარდა invoice.ge-სა, ერთი ძალიან მსხვილი ორგანიზაცია უკვე იყენებს ამ მოდულს თავისი ყოველდღიური საქმიანობისთვის. იმედი გვაქვს, რომ სხვებისთვისაც არ იქნება ის უსარგებლო.
პოსტის დარჩენილი ნაწილი განკუთვნილია მათთვის, ვისაც პროგრამირებაზე ძალიან აინტერესებს თუ როგორ უნდა გამოიყენოს მზა საშუალებები.
ახალ სასაქონლო ზედნადებთან დაკავშირებით, მოგვიწია რიგი ცვლილების შეტანა ჩვენს პროგრამაში. სწორედ ამ ცვლილებების განხილვით დავიწყებთ. ბოლოს კი ვნახავთ, თუ რამდენად მარტივია საგადასახადო პორტალში სასაქონლო ზედნადების გაგზავნა.
დავიწყოთ ზომის ერთეულებში შეტანილი ცვლილებებით.
ზომის ერთეულები
ზომის ერთეულების მხარდაჭერა invoice.ge-ში პირველი დღიდან იყო ჩადებული. თუმცა ახლა საგადასახადომაც დაამატა თავისი ერთეულები. სასურველია, რომ პროგრამას ზუსტად მიუთითოთ თქვენი და საგადასახადოს ერთეულებ შორის შესაბამისობა.
შესაბამისობის განსაზღვრისათვის დამატებულია ველი RS ერთეული, ზომის ერთეულის რედაქტირების ფორმაში.
აარჩიეთ სიიდან (ეს არის საგადასახადოს სია) სასურველი ზომის ერთეული და დააჭირეთ ღილაკზე “ერთეულის შენახვა”. თუ ვერ იპოვით სასურველ ერთეულს, მაშინ დატოვეთ ველი ცარიელი ან აარჩიეთ ერთეული სახელად “სხვა”, რომელიც სიის ბოლოშია განთავსებული.
შენახვის შემდეგ შესაბამისობა საგადასახადოს ერთეულთან კარგად ჩანს ერთეულების სიაშიც.
თუ ერთზე მეტი ზომის ერთეული გაქვთ, მაშინ აღნიშნული პროცედურა უნდა გაიმეოროთ თითოული მათგანისთვის.
ცვლილებებია შესული ასევე ტრანსპორტირების მონაცემების მართვაში. როგორც იცით, ტრანსპორტირების მონაცემების შევსება, ახალ ზედნადებში უფრო დეტალიზირებული გახდა.
თუ როგორ უნდა გაიმარტივოთ მათთან მუშაობა, შემდეგ განყოფლებაშია აღწერილი.
ტრანსპორტის მონაცემების მართვა
invoice.ge-ში შეგიძლიათ ტრანსპორტის მონაცემების წინასწარ განსაზღვრა. შენახული სატრანსპორტო მონაცემების მეშვეობით მომავალში სწრაფად შეგიძლიათ შეავსოთ ზედნადების შესაბამისი ველები.
ვნახოთ, თუ როგორ ხდება ეს. ამისათვის აარჩიეთ ძირითად მენიუდან “პარამეტრები”, ხოლო ქვემენიუდან კი — “შეკვეთები”:
გვერდის ქვედა ნაწილში განთავსებულია ტრანსპორტის მონაცემების ცხრილი. ის ჯერ-ჯერობით ცარიელია:
ახალი ჩანაწერის დასამატებლად დააჭირეთ ღილაკზე “ტრანსპორტის დამატება”. შეავსეთ გამოსული ფორმა.
შევნიშნოთ, რომ არაა აუცილებელი ამ ფორმის ყველა მონაცემის ზედმიწევნით შევსება: მათი შეცვლა უშუალოდ ტრანსპორტირების პარამეტრების მითითებისას შეგიძლიათ. აქ შეიყვანეთ მხოლოდ ის მონაცემები, რომლებიც ხშირად გამეორდება. შეგიძლიათ შექმნათ ნებისმიერი სასურველი რაოდენობა ტრანსპორტის ჩანაწერებისა.
ჩვენი შემდეგი ნაბიჯი იქნება rs.ge სერვისის აქტივაცია invoice.ge-ში.
rs.ge სერვისის აქტივაცია
იმისათვის, რომ invoice.ge-დან შეიძლებოდეს მონაცემების გაგზავნა საგადასახადო პორტალში, საჭიროა შესაბამისი სერვისის გააქტიურება. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ თქვენი ორგანიზაციის მომხმარებლის სახელის და პაროლის ცოდნა, რომელსაც თქვენი მთავარი ბუღალტერი იყენებს rs.ge-ში შესასვლელად. თუმცა გვინდა ხაზგასმით ავღნიშნოთ, რომ ჩვენ არ ვინახავთ თქვენი ორგანიზაციის მთავარ პაროლს: ის ერთჯერადად არის საჭირო სერვისის გააქტიურების მიზნით. მეტი დაზღვეულობისთვის, შეგიძლიათ ამ პაროლის შეცვლა, მას შემდეგ რაც გააქტიურებთ ჩვენს სერვისს.
სერვისის გააქტიურება შეგიძლიათ მენიუდან “პარამეტრები” > “rs.ge”
გამოსულ ფორმაში შეიყვანეთ თქვენი ორგანიზაციის მომხმარებლის სახელი და პაროლი (რომელსაც rs.ge-ზე შესვლისას იყენებთ).
შემდეგ დააჭირეთ ღილაკს “სერვისის გააქტიურება”. ოპერაციის დასრულების შემდეგ ეკრანზე დაინახავთ შემდეგი სახის შეტყობინებას:
ის გაცნობებთ, რომ rs.ge სერვისი აქტივირებულია თქვენი ორგანიზაციისთვის. სერვისის აქტივაცია ერთჯერადი მოქმედებაა და არაა საჭირო მისი ხელმეორედ გამეორება. თუ ზემოაღწერილი ეტაპები წარმატებით გაიარეთ, ამითი დაასრულეთ კიდეც ყველა მოსამზადებელი სამუშაო.
ახლა უკვე შეგიძლიათ ახალი შეკვეთის გამოწერა და მისი ატვირთვა საგადასახადო პორტალში. მოდით ვნახოთ თუ როგორ კეთდება ეს.
ახალი შეკვეთის გამოწერა
თუ invoice.ge-ს მომხმარებელი ხართ, ალბათ უკვე კარგად იცით თუ როგორ უნდა გამოწეროთ შეკვეთა.
გამოსახულებაზე მოყვანილია ერთ-ერთი ასეთი ახლად გამოწერილი შეკვეთა.
ქვედა მარცხენა ნაწილში განთავსებული ჩანართებიდან აარჩიეთ “ტრანსპორტირება”. სწორედ ეს ჩანართი გამოიყენება ტრანსპორტირების პარამეტრების და ზედნადების საგადასახადო პორტალში ატვირთვის სამართავად.
პირველ რიგში მოდით განვსაზღვროთ ჩვენი შეკვეთის (სასაქონლო ზედნადების) ტრანსპორტირების პარამეტრები. ამისათვის დააჭირეთ ღილაკზე “ტრანსპორტირების პარამეტრები”. გამოსული ფორმის მარჯვენა ნაწილში განთავსებულია ტრანსპორტის მონაცემების სია, რომლებიც ჩვენ წინა განყოფილებაში შევქმენით. ტრანსპორტის მონაცემების სწრაფად შესავსებად შეგიძლიათ ამ სიის ელემენტზე დაწკაპებით. ალტერნატიულად შეგიძლიათ მონაცემების ხელით შევსება.
შეინახეთ ტრანსპორტირების მონაცემები. ახლა შეკვეთა უკვე მზადაა საგადასახადო პორტალში გასაგზავნად. დააჭირეთ ღილაკზე “გადავაგზავნო საგადასახადო პორტალში”. გამოსულ ეკრანზე ჩანს გასაგზავნი მონაცემების შემაჯამებელი ცხრილი.
მას შემდეგ რაც დარწმუნდებით, რომ ყველაფერი სწორადაა შეყვანილი დააჭირეთ ღილაკზე “პორტალში გადაგზავნა”. გადაგზავნის დასრულების შემდეგ მონაცემები აისახება თქვენს საგადასახადო პორტალში (აუცილებლად შედით rs.ge-ზე და დარწმუნდით ამაში). ასევე ზედნადებს მიენიჭება ნომერი და განისაზღვრება ტრანსპორტირების დაწყების დრო.
აი, როგორ გამოიყურება ვიზუალურად ტრანსპორტირების ჩანართი საგადასახადოში ატვირთვის შემდეგ:
ახლა თქვენ შეგიძლიათ:
- დასრულება — ზედნადების ტრანსპორტირების დასრულება. გაითვალისწინეთ, რომ ტრანსპორტირების დასრულების შემდეგ უკვე არ შეგეძლებათ ზედნადებში რაიმე სახის ცვლილების შეტანა;
- გაუქმება — თქვენ შეგიძლიათ ზედნადების გაუქმება;
- სინქრონიზაცია — თქვენ შეგიძლიათ ზედნადების პარამეტრების სინქრონიზაცია საგადასახადოს პორტალში არსებულ მონაცემებთან (თუ ამის საჭიროება წარმოიშვა);
- [ტრანსპორტირების] პარამეტრები — აქ შეგიძლიათ ტრანსპორტირების პარამეტრებში მცირე შესწორების შეტანა.
მას შემდეგ რაც თქვენი საწყობიდან გასული ტვირთი ჩავა დანიშნულების ადგილას, თქვენ უნდა “დაასრულოთ” სასაქონლო ზედნადების ტრანსპორტირება. დააჭირეთ ამისთვის ღილაკზე “დასრულება”. გაითვალისწინეთ: დასრულებული ზედნადების შეცვლა, გაუქმება ან წაშლა შეუძლებელია!
ზედნადებზე დასრულებული ტრანსპორტირებით თქვენ შეგიძლიათ ასევე ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა. ეს ძალიან მარტივად ხდება ღილაკზე “ა/ფ გაგზავნა საგადასახადო პორტალში” დაჭერით.
ამ ხერხით შექმნილი ანგარიშ-ფაქტურა შეინახება თქვენს საგადასახადო პორტალში. თუმცა ის ჯერ არაა გადაგზავნილი მყიდველზე. ამ ეტაპზე invoice.ge-ში არაა ჩადებული ანგარიშ-ფაქტურის მყიდველზე გაგზავნის ფუნქცია. ის უახლოეს მომავალში გამოჩნდება. მანამდე შექმნილი ფაქტურის გადაგზავნა უნდა მოხდეს თქვენს მიერ rs.ge-ს სტანდარტული ფორმის მეშვეობით.
შეჯამება
ამ პოსტში ჩვენ ვნახეთ თუ როგორ უნდა მოამზადოთ პროგრამა საგადასახადო პორტალში ზედნადების ელექტრონული სახით გასაგზავნად. ასევე ვნახეთ თუ როგორ გამოიყურებოდა ზედნადების გაგზავნის პროცედურა. პროგრამა ასევე მნიშვნელოვნად გიმარტივებთ ზედნადების საფუძველზე ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის საკითხს.


